გიორგი ვაშაძე - ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში
გიორგი ვაშაძე - ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფრაქცია არის მექანიზმი, უფრო ეფექტურად იმუშაონ პარლამენტში.

ვაშაძის თქმით, ახალი ფრაქციის, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, მთავარი მიზანია, იყვნენ ხალხის ხმა პარლამენტში.

„დღეს შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, რომელიც არის, ხაზს ვუსვამ, მრავალპარტიული, არ არის ერთპარტიული ფრაქცია. მასში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ადამიანები, რომლებიც მართლაც დაგვეხმარნენ. ზურაბ ჯაფარიძე დაგვეხმარა, ფრაქცია შეგვექმნა. პირველ რიგში, ფრაქცია, ეს არის მექანიზმი, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომლითაც შემოვედით პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე.

ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში, გავაკეთოთ მაქსიმუმი, საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პოლიტიკა არის მათთვის, პარლამენტი არის მათთვის და არა მხოლოდ ელიტისთვის, რომელიც ელიტისტურ თემებზე საუბრობს ხოლმე. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ როგორც შეთანხმების შესრულება, ასევე ვაიძულოთ, ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე კონკრეტულად პასუხი გაგვცეს, მისცეს ხმა, როგორიცაა საპენსიო, უმუშევრობის, წამლის ფასების საკითხი, სასამართლო რეფორმა, უამრავი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ. ჩვენ ვქნებით ყველაზე აქტიური ჯგუფი, რათა მალე ცვლილებები შევიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, ფრაქციის, რომელშიც ერთიანდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, დამოუკიდებელი დეპუტატები – გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე, ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს უხელმძღვანელებს სერგო ჩიხლაძე.

დატოვე კომენტარი